სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე – როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)
ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიის ამა თუ იმ ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება და ეს არ არის ყალბი ინფორმაცია. ზოგიერთ იტალიურ ქალაქში ბოლო წლებში თავი იჩინა დეპოპულაციამ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სახლებს ერთ დოლარად ყიდის.
კალიფორნიელმა ქალმა, რუბია დანიელსმა გადაწყვიტა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა და სამი სახლი იყიდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2019 წლის გაზაფხულზე ამ ხელსაყრელი გარიგებით სიცილიაში, მუსომელიში სახლები შეიძინა – თავისთვის და შვილებისთვის.
მოგვიანებით რუბიამ მეგობრებიც ჩაიყვანა იტალიაში და მათაც აყიდინა რამდენიმე სახლი სიცილიაში. გეგმავს იცხოვროს ქალაქში, რომელიც პალერმოდან ორი საათის გზაზე მდებარეობს.
- მართალია დანიელსი თავისი შენაძენით აღფრთოვანებულია, მაგრამ ამავდროულად, აფრთხილებს სხვა სახლების პოტენციურ მყიდველებს, რომ როცა ერთ დოლარად სახლს ყიდულობენ, არ უნდა ელოდონ, რომ იქ საოცარი შენობა დახვდებათ. რუბიას თქმით, სახლებს შეკეთება სჭირდება და საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
- “ადგილობრივებს ძალიან უხარიათ, როცა ხედავენ, რომ აქ ადამიანები სახლდებიან. მალე მუსომელი მულტიკულტურული ქალაქი გახდება, მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ აქ სახლებს, რაც ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება იქნება“, – ამბობს ქალი.