მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო შენობები (ნაწილი II)

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო შენობები (ნაწილი II)

მსოფლიოში ბევრია ისეთი შენობა, რომლის შექმნის დროსაც არქიტექტორებმა ყველაზე თამამი ფანტაზიები მოიყვანეს სისრულში და საინტერესო სიტყვა თქვეს თავიანთ სფეროში. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო რამდენიმე შენობას: Organic House  ეს სახლი 1984 წელს, არქიტექტორმა ხავიერ სენოსიაინმა ააშენა მექსიკაში. 178 კვ.მ ფართობის შენობის უმეტესი ნაწილი მიწისქვეშაა დამალული. მიუხედავად ამ არქიტექტურული გადაწყვეტისა, ყველა ოთახს დიდი, ილუმინატორის მსგავსი მინის ფანჯრები აქვს. Organic House-ის კიდევ ერთი უნიკალობა იმაში მდგომარეობს, რომ მის გასაგრილებლად და გასათბობად მხოლოდ გეოთერმული ენერგია გამოიყენება. Nautilus ეს სახლი ხავიერ სენოსიაინის კიდევ ერთი ნამუშავარია. ის 2006 წელს, მექსიკის ქალაქ ნაუკალპან დე ხუარესში აშენდა და სახელი მოლუსკის მიხედვით დაერქვა, რომლის ფორმასაც იმეორებს. შენობას უამრავი ფერადი ვიტრაჟი აქვს, რომელიც მზეზე განსაკუთრებით ეფექტურ გარმოს ქმნის ოთახებში. სახლში გადაადგილება კი ქვის საფეხურების საშუალებით არის შესაძლებელი. Bubble House ბუშტების სახლი საფრანგეთში, ქალაქ კანის სიახლოვეს მდებარეობს. ის 1989 წელს ააშენა არქიტექტორმა ანტი ლოვაგმა მოდის დიზაინერ პიერ კარდინისთვის. შენობა გარედან გამოქვაბულს მოგვაგონებს. ასევე გასაკვირია მისი ფართობი – მამული 8 500 კვ. მეტრზეა გაშენებული, საიდანაც თავად სახლს 1200 კვ.მ უჭირავს. თითოეულ „ბუშტს” უზარმაზარი ფანჯრები აქვს ზღვაზე ხედით. მამულში ბაღები და საცურაო აუზებია გაშენებული. Lucid Stead ჯოშუა-ტრის ეროვნული პარკში აშენებული ამ სახლის ფასადი ხისა და სარკის კომბინაციას წარმოადგენს. იქედან გამომდინარე, რომ სახლი ულამაზეს სივრცეში, განცალკევებით მდებარეობს, ეს არქიტექტურული გადაწყვეტა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შენობა ნახევრად ჰაერში ლივლივებს და ულამაზეს ხედებს ერწყმის. ეს მარტივი კონსტრუქცია სწორედ ფასადის გამოა ასეთი შთამბეჭდავი. თუმცა ის თავიდან, მხოლოდ ხით იყო მოპირკეთებული. შენობას მხოლოდ მოგვიანებით აჩუქეს ახალი სიცოცხლე, რის შემდეგაც, ის ასობით ტურისტს იზიდავს. ხის სახლი სერბეთში ეს პატარა ხის სახლი პირდაპირ მდინარეშია აშენებული. ის 50 წლის წინ ადგილობრივებმა ააშენეს დასასვენებლად, თუმცა დროთა განმავლობაში, სერბეთის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად იქცა. შენობამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი ფოტოები ჟურნალ National Geographic-ის გვერდებზე გამოქვეყნდა. ეს ნაგებობა ადამიანთა ერთობის განსახიერებაცაა – არსებობის განმავლობაში, შენობა არაერთხელ დააზიანა ძლიერმა ქარმა და ტალღებმა, მაგრამ ადგილობრივები ყოველთვის უბრუნებდნენ მას თავდაპირველ იერსახეს.