"მივუბრუნდი ფოთს და მამისეულ სახლ-კარს" - ქართველი მხატვრის ეზო და სახლი, რომელიც შემოქმედებით გარემოდ აქცია

“მივუბრუნდი ფოთს და მამისეულ სახლ-კარს” – ქართველი მხატვრის ეზო და სახლი, რომელიც შემოქმედებით გარემოდ აქცია

80-იანი წლების მიწურულს მხატვარი ამირან კუპრავა მხატვრის სახლში არსებულ სტუდია-სახელოსნოში საქმიანობდა. სწორედ აქ მიიქცია ყურადღება, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერმა მხატვარმა. 90-იან წლებში უცხოეთში მიიწვეს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური ვითარების გამო შეთავაზებას დათანხმდა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისმა ხელოვნებამ, ნიჭმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. წლების განმავლობაში ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნულ მუზეუმში და ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, რუსეთში ლევ ტოლსტოის სახლ-მუზეუმში. ასევე, ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში, აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიასა და ბელგიაში. 21 წლის შემდეგ, 2013 წელს მხატვარი გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და სამშობლოში გააგრძელა საქმიანობა. – სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. 1993 წელს მიმიწვიეს მიუნხენში. აქედან დაიწყო ჩემი საქმიანობა გერმანიაში. 21 წელი ვიცხოვრე იქ. არაერთი გამოფენა მქონდა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 2015 წელს გამოიცა წიგნი „მეტამორფოზი“. სწორედ მაშინ გაიმართა გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა მასალაში შესრულებული რეტროსპექტული ნამუშევრები, როგორც ფერწერა, ისე ფერადი გრაფიკა, ქანდაკება და ინსტალაცია. გაიმართა კატალოგის პრეზენტაციაც. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან. მასალა არ მქონდა და ცხონებულმა დიმა ჯაიანმა ძალიან დიდი სამსახური გამიწია. აფხაზეთის სამინისტროში გამომიყო ოთახი, სადაც ვმუშაობდი. წარმოშობით ფოთიდან ვარ, მაგრამ 1970 წლიდან ვცხოვრობდი თბილისში. ახლა ისევ მივუბრუნდი ფოთს და მამისეულ სახლ-კარს. შემდეგ ახალი სახლიც ავაშენე, გავაშენე ლამაზი ბაღი. მინდა ადგილობრივ ბავშვებს სიკეთე გავუკეთო, ვასწავლო ხატვა, ვამეცადინო. ამასთან, აქ მეტი შესაძლებლობა მაქვს დიდ, მასშტაბურ პროექტებზე ვიმუშაო. ასევე, ჩემი დიდი სურვილია დასავლეთ საქართველოს მხატვრებს მოვუყარო თავი, ვუმასპინძლო და განვახორციელოთ სანტერესო პროექტები. – ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვრობის ნიჭი? – ჩვენ შვიდი და-ძმა ვიყავით. ზამთარი იყო. დაორთქლილ ფანჯარაზე თითით ვხატავდი. დავხატე პორტრეტი და რომ ჩამოიღვენთა, თურმე ტირილი დამიწყია. დედას უთქვამს, ნუ ტირი, ხვალ გიყიდი ფანქრებს და ფურცლებსო. აქედან დაიწყო ჩემი მხატვრობა. მას შემდეგ ერთი დღეც არ მიმიტოვებია ხატვა. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. მე ვერ შევაქებ ჩემს მხატვრობას, სათქმელი თავად მხატვრობამ უნდა თქვას. – თქვენი საქმიანობის დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარეთ. ევროპამ როგორ მიგიღოთ? – საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა რთულია. ევროპაში საკმაოდ დიდი წარმატებები მხვდა წილად, შემდეგ -საქართველოში. მე მიხარია, რომ თქვენ შეამჩნიეთ ჩემი ხელოვნება, ნამუშევრები და დამიკავშირდით.პირველი მიწვევა მქონდა მიუნხენში და ეს ჩემთვის ძაალიან საინტერესო იყო. მაშინ ენაც არ ვიცოდი და მომიწია შესწავლა. წარმოიდგინეთ, ექვს თვეში შევძელი ენის შესწავლა. მაშინ უკვე 40 წლის ვიყავი და მოგეხსენებათ, რთულია ამ ასაკში უცხო ენის შესწავლა. ] აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა. ძალიან ბევრი საქველმოქმედო, საინტერესო გამოფენა მქონდა ეკლესიებში. იყო ჩემს ცხოვრებაში საინტერესო შემთხვევა, არაკანონიკური საეკლესიო, რელიგიური თემები მქონდა შესრულებული. ეს იყო შემოქმედებითი პროცესი. მღვდელმთავარი შემოდიოდა და ლოცვებს ატარებდა, მგალობლები გალობდნენ ჩემს ნამუშევრებთან, ამ დროს მე გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი. მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნებში ვმართავდი გამოფენებს. განაგრძეთ კითხვა