ლალი ტოტიკაშვილის აგარაკი ლისზე - დაათვალიერეთ მოდელის დახვეწილი და გემოვნებიანი სახლი

ლალი ტოტიკაშვილის აგარაკი ლისზე – დაათვალიერეთ მოდელის დახვეწილი და გემოვნებიანი სახლი

მოდელი ლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს, თუმცა წელს აგარაკი ზედა ლისზე აიშენეს და პირველი ზაფხული გაატარეს იქ. „შინ“ ლალის ეწვია, რათა მისი საზაფხულო „რეზიდენცია“ მკითხველისთვისაც ეჩვენებინა. ისევე, როგორც თბილისის სახლში, ლალის აგარაკზეც სადა ფერებისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. პირველ სართულზე გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი და ბუნებრივი ხისფერი. მისაღებში დგას რბილი დივანი, დიდი მაგიდა სტუმრებისათვის და ტელევიზორი. საპატიო ადგილს იკავებს ბუხარიც. “თბილისთან ახლოს გვინდოდა აგარაკი და ზედა ლისი შევარჩიეთ. კარგი ჰაერია, კარგი დასახლებაა და ქალაქთანაც ახლოსაა, საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება აქედან სამსახურში სიარული. ჯერ ბევრი დეტალი ისევ დასასრულებელია, მოწყობის პროცესში ვართ. ძირითადი და აუცილებელი რაც იყო, გავაკეთეთ, რომ ზაფხულში შეგვძლებოდა ამოსვლა. ნელ-ნელა დანარჩენ წვრილმანებსაც მივხედავთ. ისე გამოვიდა, რომ კოვიდს აქ „ვემალებით“, იზოლირებული ვართ მთელი ზაფხული. ძალიან გვიყვარს სტუმრები, მაგრამ ჯერ მეგობრებიც კი ვერ მივიღეთ არსებული სიტუაციის გამო….მისაღები ოჯახის თავშეყრის მთავარი ადგილია. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევარჩიეთ ავეჯი და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს ინტერიერის მოწყობაზე. ბუხარს უკვე აქვს ფუნქციური დატვირთვა და შემოდგომის გრილ დღეებში ალბათ უფრო სასიამოვნო იქნება მისი გამოყენება,” – ლალი ტოტიკაშვილი.