ქალაქიდან მუხრანში გადასახლებული ღვთისმეტყველის ამბავი, რომელმაც სახლი და ბოსტანი საკუთარი ხელით გააშენა
ბოლო დროს ადამიანი გაურბის ქალაქის ყოველდღიურ რუტინას, მრავალსართულიან სახლებში ცხოვრებას და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, სოფელს მიაშურებს ხოლმე, შემდეგ კი საკუთარი ხელითა და უნარებით იქ თავისი სივრცის შექმნას ცდილობს. ზურა ქავთარაძეს თბილისი ძალიან უყვარს, მაგრამ სოფლად მეტ სილაღეს გრძნობს. ის სამი წლის წინ მეგობართან, მარიამ საჯაიასთან (პარლამენტის ყოფილი წევრი) ერთად სოფელ მუხრანში ტრიალ ადგილას დასახლდა. მათი მიზანი იყო იქ თავად შეექმნათ ყველაფერი და ააშენეს კიდეც ნამჯის სახლი, დაამუშავეს ბოსტანი და დასახლდნენ. ზურა ქავთარაძე ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
ზურა ქავთარაძე:
– განათლებით ღვთისმეტყველი ვარ, სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს მონასტერში ვცხოვრობდი, დამაინტერესა ამ სფერომ და სემინარიაში ჩავაბარე… განსაზღვრული დროის შემდეგ ისე მოხდა, რომ მუხრანში დავსახლდით და მარიამთან ერთად გადავწყვიტე განსაკუთრებული სახლი ამეშენებინა.
ბუნებისა და მიწის სიყვარული სოფლიდან და პაპისგან მომდევს. მას ბაღში ჩავყავდი, მანახებდა, როგორ შრომობდა. რომ წამოვიზარდე, უკვე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს. ეს ყველაფერი გაღვივდა, გაღვივდა და ერთ დღესაც სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე. მთელი ცხოვრება ძიებაში ვიყავი, არა წარმატების სადევნელად, უბრალოდ, ბევრი რამ მაინტერესებდა.
როცა სოფელში გადასვლა გადავწყვიტე, მე და მარიამიც მაშინ გადავიკვეთეთ. მასაც სახლის აშენება სურდა. იმ პერიოდში მეგობარმა ნამჯის სახლის იდეა შემომთავაზა. მოვიძიეთ ინფორმაცია, რა როგორ გაგვეკეთებინა, პირველი ნამჯის სახლის პატრონთან კახეთშიც ვიყავით. თუმცა ჩვენ ცოტა სხვა გზით წავედით.
– მხოლოდ ორი კაცი აშენებდით სახლს?
– კი. მხოლოდ სახურავის კრამიტით გადასახურავად დავიქირავეთ მუშა, რომელმაც გვასწავლა და მასთან ერთად გავაკეთეთ კიდეც. შელესვაზე, ნამჯის ფუთების ჩალაგებაზე, საიტის დახმარებით მოხალისეები დავიხმარეთ სხვადასხვა ქვეყნიდან.
– სად ცხოვრობდით, სანამ სახლს ააშენებდით?
– მანამდე კარავში ვიცხოვრეთ, რათა დავკვირვებოდით, ქარი საიდან უბერავდა, მზე როგორ უდგებოდა იმ ადგილს, წვიმა საიდან მოდიოდა. სახლი ისე დავდგით, რომ ზამთარში შენობაში მზე შემოგვდიოდა.
– ამ ყველაფრის შესწავლა დამოუკიდებლად შეძელით?
– კი, წიგნების, ინტერნეტის საშუალებით და მშენებლებსაც ვეკითხებოდით. ყველაფერი მონდომებაა და შეუძლებელი არაფერია. მშენებლობის სანახავად ვინც მოდიოდა, სახეზე ეტყობოდათ გაოცება, ნამდვილია თუ არაო, ასეთი კითხვა ეწერათ სახეზე. განსაკუთრებული არაფერი გვსურს, მაგრამ იმას, რაც შენი ხელით არის გაკეთებული, დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლი ხალისით ავაშენეთ.
განაგრძეთ კითხვა