მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო შენობები
ნიჟარა, წიგნი, ვიოლინო, ბუშტი – ეს სიტყვები არც მეტი, არც ნაკლები – შენობების ფორმებს ასახავს. მათი შექმნისას, არქიტექტორებმა ყველაზე თამამი ფანტაზიები მოიყვანეს სისრულში და საინტერესო სიტყვა თქვეს თავიანთ სფეროში.
Piano House
ეს როიალისა და ვიოლინოს ფორმის სახლი ჩინეთში მდებარეობს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუსიკასთან არაფერი აქვს საერთო – გამჭვირვალე მინის ვიოლინოში ესკალატორია განთავსებული, ხოლო შუშის როილში საგამოფენო კომპლექსია განთავსებული.
გეგმის მიხედვით, ამ უჩვეულო შენობას ჩინელი მოსახლეობისა და ტურისტების ყურადღება უნდა მიეპყრო ახალ განვითარებად ზონაში. თუ ინტერნეტში გავცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ამ ნაგებობამ ეს ნამდვილად მოახერხა.
Kubuswoning
კუბის ფორმის სახლები კომფლექსი ნიდერლანდებში 1984 წელს არქიტექტორ პიტ ბლომის დიზაინის მიხედვით აშენდა. თითქმის ყველა მათგანი საცხოვრებლად გამოიყენება, თითოეული კუბი 100 კვ. მ ფართობისაა და სამი-სამი სართულისგან შედგება, თუმცა, სივრცის მეოთხედი საცხოვრებლად გამოუსადეგარია კედლებისა და იატაკის ძლიერი დახრილობის გამო.
თუ ამ შენობის შიგნიდან ნახვა გსურთ, შეგიძლიათ ნომერი დაჯავშნოთ Stayokay Rotterdam Cube Hostel-ში, ან, ადგილობრივ მცხოვრებლების მიერ შემოთავაზებულ ექსკურსიებზე წახვიდეთ.
Krzywy Domek
პოლონეთში მდებარე ეს შენობა, რომელიც ოპტიკურ ილუზიას ქმნის, 2004 წელს აშენდა ზღაპრული ილუსტრაციების მოტივებზე. შენობის კარ-ფანჯრები ასიმემეტრიულია, კედლები დახრილი, ხოლო მწვანე კრამიტით დაფარული სახურავი ტალღას მოგაგონებთ.
ნაგებობა გიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ ის, მზის სხივებზე დნება. ამავდროულად, როდესაც სახლში შეხვალთ, სრულიად ივიწყებთ უჩვეულო გარეგნულ ფორმას, რადგან შიდა სივრცე აბსოლუტურად ნორმალურ ოთახებს უკავია, სადაც განთავსებულია რესტორნები, მაღაზიები და რადიო სტუდიები.
წიგნის სახლი
აშშ-ში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის შენობა უნიკალური არქიტექტურის გამო, კანზას სითის მცხოვრებლების სიამაყე გახდა. მისი მთავარი ფასადი გიგანტური წიგნის თაროს წარმოადგენს, რომელზედაც „ბეჭდების მბრძანებელი”, „რომეო და ჯულიეტა”, „მარტოობის 100 წელი” და მსოფლიო ლიტერატურის სხვა კლასიკური ნაწარმოებებია გამოფენილი. შენობის საფეხურებიც, წიგნის ფურცლებს განასახიერებს.
Casa do Penedo
ეს ფანტასტიკური სახლი 1974 წელს, ვიტორ როდრიგესმა პორტუგალიის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში ააშენა და ის შესანიშნავად ჯდება ლანდშაფტში. შენობა ოთხი ლოდისგან შედგება, რომლებიც ბუნებრივი მასალისგან დამზადებული კედლებით უკავშირდება ერთმანეთს. უნიკალური არქიტექტურული დიზაინის წყალობით, სახლი გარედან ქვის უზარმაზარ ბლოკს ჰგავს.
თავდაპირველად, არქიტექტორს ამ სახლში ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დროთა განმავლობაში, ინფორმაციამ ზღაპრული ნაგებობის შესახებ მედიაში გაჟონა, რის შემდეგაც მისი ნახვის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, 2009 წელს მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ სახლი დაკავშირებულია. ახლა მასში ფოტოგრაფიისა და ისტორიის მუზეუმია განთავსებული.