10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინტერიერის დიზაინში, რომელიც არ უნდა გაიმეოროთ
სახლი ის ადგილია, რომელიც სიმყუდროვესთან და კომფორტთან უნდა ასოცირდებოდეს. ადამიანები დიდ ფინანსებს და ძალისხმევას ხარჯავენ ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა ზოგჯერ, ამას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ. თუ სახლის დამოუკიდებლად მორთვა გადაწყვიტეთ, უმჯობესია, უკვე არსებულ გამოცდილებას მიყვეთ.
სტატიაში გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ინტერიერის დიზაინში ვაწყდებით:
აქსესუარების სიმრავლე
არ არის საჭირო კედლების და იატაკის გადატვირთვა. როდესაც კედელზე ძალიან ბევრი ჩარჩო ან კარადაა, ის უფრო სათავსოს ემსგავსება. იმისთვის, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ, იგივე პრინციპი უნდა დაიცვათ, რაც სამკაულების შერჩევისს – მთავარია ბალანსი. მაქსიმალურად დაკვირვებით უნდა შეარჩიოთ სივრცე თითოეული დეკორაციისთვის. ასევე, გამოიყენეთ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული აქსესუარები, რაც ოთახს უფრო მრავალფეროვან და საინტერესო იერ შესძენს.
კედელზე ზედმეტად მაღლა დაკიდებული სურათები
სურათები თვალის გასწვრივ უნდა დაკიდოთ, რომ ნებისმიერმა სტუმარმა შეძლოს თქვენი არჩევანის შეფასება. ასევე, სურათები კედლებისა და ავეჯის პროპორციულად უნდა ეკიდოს, როგორც მაგალითად, კარადა, ან წიგნის თაროები. ნუ შეიძლენთ ზედმეტად დიდი ან ზედმეტად პატარა ზომის სურათებს – მათ ოთახის დეკორიდან ყურადღება გადააქვთ.
ხელოვნური მცენარეები ინტერიერში
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ყვავილები ოთახში არც თუ ისე ესთეტიკურად გამოიყურება. ბუნებრივი ყვავილებისგან განსხვავებით, ისინი არ ქმნიან სიმყუდროვეს და არ გვანიჭებენ ბუნებასთან ჰარმონიის განცდას. თუ ცოცხალ მცენარეებზე ზრუნვის დრო და სურვილი არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია, სხვა სახის დეკორაცია შეარჩიოთ.
განსხვავებული პრინტების გადაჭარბებული ნაზავი
სიფრთხილე გამოიჩინეთ ორნამენტების არჩევისას – უმჯობესია, თუ ინტერიერში მხოლოდ ერთი წამყვანი პრინტი იქნება, რომელიც სხვა, მეტად დაბალანსებულ ტონებთან შექმნის კონტრასტს.
ნურც იმას ეცდებით, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდეს
ერთმანეთთან შეუსაბამო კონტრასტები ერთადერთი შეცდომა არაა. მეორე უკიდურესობა „ზედმეტად“ შესაფერი ავეჯით და აქსესურებით უსიცოცხლო გარემოს შექმნაშია. რბილ ავეჯთან ზედმიწევნით შესაბამისი ფარდების არჩევას აჯობებს, საერთო კომპოზიციის შესაქმნელად არა ქსოვილები და ფერები, არამედ სტილი და ხასიათი შეახამოთ.
ფანჯრებთან ზედმეტად ახლოს დამაგრებული შტორები
ოთახში ვიზუალური სივრცის მაქსიმალურად გასაზრდელად შტორები ჭერთან რაც შეიძლება ახლოს დაამაგრეთ, ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ფარდის დაბოლოება იატაკს უნდა სწვდებოდეს, რომ ჭერის სიმღლე არ დაიკარგოს.
სივრცის არასწორი ათვისება
მნიშვნელოვანია, სწორად აღიქვამდეთ თქვენს ბინაში არსებულ სივრცეს. ეს, შესაფერისი ავერჯის და ინტერიერის შერჩევაში დაგეხმარებათ. დახაზეთ სახლის დიაგრამა და შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ განათავსოთ მასში ავეჯი ოპტიმალურად.
არასწორი განათება
არასწორად შერჩეულმა განათებამ შეიძლება ბევრი დისკომფორტი შეგიქმნათ და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერს ხიბლი დაუკარგოს. გაითვალისწინეთ, რომ სარკესთან დამაგრებული ნათურა მნიშვნელოვნად გაზრდის სივრცეს, ხოლო ცუდად განათებული ოთახი უფრო პატარა მოგეჩვენებათ.
ოთახებში განსხვავებული მასალის იატაკის დაგება
იატაკი სახლის ერთიან სივრცეს უნდა ქმნიდეს. თუ კორიდორიდან მისაღებ ოთახში შესასვლელი არ არის იზოლირებული, უმჯობესია, ერთი მასალით დამზადებული იატაკი დააგოთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოთახები იზოლირებულია, კარებების გაღებისას, ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანს მკვეთრად განსხვავებული მასალის იატაკი.
ზედმეტად ბევრი ხალიჩა
ნუ იყიდით ზედმეტად პატარა ხალიჩებს, რადგან ამ შემთხვევაში, ის ოთახს ვიზუალურად არათანაბარ ნაწილებად დაყოფს. გამოყავით სასადილო, ან მისაღები კუთხე ხალიჩით, თუმცა, ის იმდენად დიდი უნდა იყოს ზომაში, რომ მასზე მაგიდასთან ერთად, სავარძლის თუნდაც მხოლოდ წინა ფეხები ეტეოდეს.